მერსედესის მუზეუმი -შტუტგარტში



“გერმანული ტალღა” იუწყება, რომ 2006 წლის 19 მაისს პოპულარული გერმანული საავტომობილო მარკა “მერსედესის” თაყვანისმცემლებისათვის ნანატრი და დაუვიწყარი დილა გათენდა. ამ დღეს შტუტგარტში “მერსედესის” ახალი მუზეუმი გაიხსნა. ამ შედევრის უნიკალურობასა და საოცრებაზე დაარსების დღიდან კეთილი ჭორები აგორდა, რამაც დამთვალიერებელთა რიცხვი მნიშვნელოვნად გაზარდა. და თუ, თქვენც მზად ხართ, რომ თქვენს წარმოსახვაში მაინც გაემგზავროთ ამ სასწაულის მოსანახულებლად, მაშინ ტურისტის განწყობა და სამი წუთი საკმარისია ერთი ლამაზი ექსკურსიის მოსაწყობად, რომლის მეგზურობაც ავტორადიომ ითავა. 

როგორც ცნობილია, შტუტგარტში მსოფლიოს ძლიერი და კონკურენტუნარიანი სამრეწველო დაწესებულებებია განლაგებული. კერძოდ, “სიმენსი”, “ბოში”, “სალამანდრე” და “პორშე”, მაგრამ პირველი კითხვა, რომელიც აქ, შემთხვევით მოხვედრილ ტურისტებს უჩნდებათ, არის - “როგორ მივაგნოთ “მერსედესის” მუზეუმს?”. ტაქსის მძღოლი კი მზადაა დამთვალიერებელს ქალაქის ცენტრიდან ამ შედევრამდე 20-30 ევროდ მოემსახუროს. ობიექტი ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს. როდესაც შორი მხრიდან შემზარავ შენობას შეამჩნევთ ე.ი. უკვე ადგილზე ხართ. თვალწინ სუნთქვის შემკვრელი სილამაზე იშლება, რომლის დიზანიც დანიელ ბენ ვან ბერკელს ეკუთვნის. იგი რამდენიმე პროექტის, კერძოდ კი “მებიუსის სახლისა” და როტერდამის “ერაზმას ხიდის” ავტორიცაა. “მერსედეს ბენცის” მუზეუმის მშენებლობა სამი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, რომელიც “დაიმლერ კრაისლერს” 150 მილიონი ევრო დაუჯდა. თუმცა ხარჯის გაღება ნამდვილად ღირდა, რადგან 800-მა ოსტატმა სპირალის მსგავსი, არნახული სილამაზის კედლები ამოიყვანა. ეს კი მისი გარეგნული იერსახის მთავარი შტრიხია. მნახველებს კედლებს შიგნით კიდევ უფრო დიდი საოცრება ელოდებათ. 8 ევროს ღირებულების ბილეთით, რომელიც შენობის მთავარ შესასვლელთან იყიდება, მრავალწლიანი ისტორიის მქონე პოპულარული მარკის 1500 ექსპონატის ნახვა შეიძლება, რომელთაგან 160 უძველესია. თავდაპირეველად პანორამული ლიფტი დამთვალიერებელს მე-9 სართულზე აიყვანს, საიდანაც იწყება ექსპოზიცია და ნელი მოძრაობით ქვედა სართულზე გადაინაცვლებს. შენობა ორიგინალური დიზაინით გამოირჩევა, რომელსაც დამრეცი კედლები კიდევ უფრო საიტერესო სანახავს ხდის, ხოლო მინა, რომელიც ყველაზე შეშლილ რკინის “ლამაზმანებსა” და “ჯენლტმენებს” გარს აკრავს, სულ 1800 სახეობისაა და ერთმანეთს არ გავს. აქ წარმოდგენილი რეტრომობილებისა და თანამედროვე ბოლიდების შესახებ აუდიოგიდი საუბრობს. მუზეუმში გვხვდება 1886 წლით დათარიღებული ერთ-ერთი უძველესი მოდელი, რომელზეც ძრავა პირველად გაჩნდა. 1902 წელს დამზადებული “ცხენუკა”, რომელსაც 7 ლ მოცულობის ძრავა გააჩნდა და საათში 80კმ/სიჩქარეს ავითარებდა. ასევე 1954-55 წლებში ფორმულა 1-ის ჩემპიონი “ვერცხლის ისარი”. სატვირთო ავტომობილების დარბაზი კი თავს 20-30-იანი წლების ჩინებული მოდელებით იწონებს. სპეციალურ ეკრანზე ხდება ეპოქების მონაცვლეობა, რომელიც უმსხვილესი კონცერნის დაბადებიდან დღემდე მუშაობის ფაქტებს აღწერს. შენობის გასასვლელს კი ექსპერიმენტალური ავტომობილები ალამაზებენ. ამ სილამაზით გადაღლილი თვალების დასვენება შესაძლებელია რესტორნებსა თუ სუვენირის მაღაზიებში, რომლებიც ასევე თბილ და კომფორტულ გარემოს ქმნიან დაინტერესებულთათვის. ერთი სიტყვით საოცარია არა მხოლოდ მერსედესის ნაწარმი, არამედ მუზეუმიც, რომლის ორგანიზატორებიც წელიწადში 750 ათას დამთვალიერებელს ელიან. 

No comments:

Post a Comment